ბრიუსელში ვიზიტი ძალიან საჭირო იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკომისიას მიაწოდეს "აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია" საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
"ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე. მართლაც და საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელში ჩაიტანა გზავნილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება.
"ამის თაობაზე დეტალური საუბარი შედგა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან.
ერთი რამ შეიძლება ითქვას, ჩვენ დავტოვეთ შეხვედრები იმ განწყობით და შეგრძნებით, რომ საქართველოში რეფორმები, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ნამდვილად არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.