ბრიუსელში გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს

ბრიუსელში გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს

ბრიუსელში გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრებისას, სხვა საკითხების გარდა, საუბარი იყო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.

"გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე და ამ მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ ნამდვილად გავეცით გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენთვის ეს არის სისხლ-ხორცეულად მნიშვნელოვანი, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიულ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის, იყოს შესრულებული ჩვენი მხრიდან. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მაღალი სტანდარტით და მაღალი მოლოდინების თამასით ელოდებიან ჩვენგან ყველა ამ სტანდარტის შესრულებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია, მთელ პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოში გავავრცელოთ ეს განწყობა იმისთვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე, ასევე ამ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს".