საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დღეს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დღესვე დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.
თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში გუშინ გაიხსნა. პირველი დღის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ხორვატიის, სლოვენიისა და შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან - იოზიფ ბულიევიჩთან, ანდრეა კატიჩთან და პიტერ ჰალთქვისტთან საუბრისას თინა ხიდაშელმა ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.
მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღის ბოლოს შეაჯამა.
"ჩვენი ამოცანა რამდენიმე ძირითად პოსტულატშია გამოხატული. პირველი არის ის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებაში, სულ უფრო მეტ კომპონენტს ჰყავდეს მეტი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ადამიანური რესურსით - კონსულტანტებით, სამხედრო მოსამსახურეებით, ტექნიკური საშუალებებით ეხმარება ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. ასევე, სულ უფრო შეუქცევადი უნდა გავხადოთ საქართველოს პარტნიორობა ევროპის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც არ არიან ამ დროისთვის ნატოს წევრები. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ქვეყანა იდგეს საქართველოს გვერდით ჩვენი ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემისთვის", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.