იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით დახურული, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შეხვედრა ცრუ ჩვენების მიცემისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად დამდგარი განაჩენების გადასინჯვის მექანიზმების შექმნის საკითხებთან დაკავშირებით შედგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე განმარტებების გაკეთებისგან ნინო გვენეტაძემ, პროკურატურის წარმომადგენლებმა და კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ თავი შეიკავეს. დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხზე მსჯელობა ჯერ მხოლოდ სამუშაო ფორმატში მიმდინარეობს, შედეგები და შინაარსი წინასწარ არ განსაჯაროვდება.
"შევჯერდით, რომ გარკვეულ ეტაპაზე, ვიდრე სამუშაო ჯგუფი ხელშესახებ შედეგებამდე არ მივა, საზოგადოებაში ყალბი მოლოდინები არ გავაჩინოთ. ამ თემებთან დაკავშირებით ბევრი ყალბი მოლოდინი იყო, რის გამოც საზოგადოებამ ზიანი მიიღო. თუკი დასაბუთებულ კონსტიტუციურ გამოსავალს მოვძებნით, ამის შემდეგ ვამცნობთ საზოგადოებას. სწორედ ამას ცდილობს ახლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.
გასული წლის ოქტომბერში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად დამდგარი უკანონო განაჩენების გადასინჯვის მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განულდეს პასუხისმგებლობა იმ პირის მიმართ, რომელიც იძულებული იყო ცრუ ჩვენება მიეცა, ან იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც იძულებული იყო თანამდებობრივი მდგომარეობა ბოროტად გამოეყენებია უკანონო განაჩენის დასაყენებლად.
როგორც საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, ასეთი პირების მიმართ პასუხისმგებლობის განულება იქნება მასტიმულირებელი გარემოება, რომ აღიარებითი ჩვენებით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, გამოძიება დაარწმუნონ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს მათი მხრიდან. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოძიების შედეგებს შეამოწმებს და თუ დადასტურდა, რომ გასულ წლებში მიცემული ჩვენებით უსამართლო განაჩენი დადგა, საქმის გადასინჯვის უფლების კანონიერი საფუძველი წარმოიშვება.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც შესაბამისი კანონპროექტის მომზადება დაევალა.