საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერთან შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორც ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, ისე რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ მსოფლიოში არსებული საფრთხეების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშის მიზნებისა და ამოცანების თაობაზე. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა საფრთხეებისა და პოტენციური რისკების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი ინფორმაციის მიწოდებას.
დავით ზალკალიანი მიესალმა აშშ-ის მხრიდან პოტენციური რისკებისა და საფრთხეების შემცირების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონგრესისადმი წარდგენილ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, ევროპული მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში აშშ-ის ასიგნებების გაზრდას რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად.
სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ამ კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისადმი.
"მსურს, ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ მოქმედი მთავრობა მოწოდებულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს ასევე წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა აღნიშნულ პროცესს მხარი დავუჭიროთ ", - აღნიშნა ბერლინერმა.