შემაშფოთებელია, როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი აქციის დაშლა

შემაშფოთებელია, როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი აქციის დაშლა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ციხისძირში აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავებულები არიან როგორც პარტიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

"პროცესი, რომელიც ციხისძირში მიმდინარეობს - ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით და მისი ახირებით ასწლოვანი ხეების გადატანა მის ბაღში, უკანონოა და სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი. პროტესტს გამოხატავს როგორც ჩვენი პარტიის ბათუმის, ქობულეთის ორგანიზაცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. სრული უკანონობაა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით აქციის დაშლა.

დაკავებულია ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე "პარტიზანი მებაღეობის" წევრები. ეს ფასდება, როგორც ივანიშვილის პირადი ახირება, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია უსიტყვოდ ასრულებენ. ესაა შემაშფოთებელი, როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი აქციის დაშლა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დეპუტატის აღნიშნულ კომენტარს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს ოთხი ადამიანი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის სამი "პარტიზანი მებაღე", ერთი კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

"პარტიზანი მებაღეები" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. ხეების დასაცავად მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.