"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებულ პროგნოზს აფასებს, რომლის თანახმად საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.
როგორც პარტიის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, ეს ის მდგომარეობაა, სადამდეც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მიიყვანა.
"აშშ სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაკეთებული პროგნოზი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს, ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, სადამდეც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა მიიყვანა. ივანიშვილის მეცადინეობით ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გაძლიერებას საქართველოში მრავალი გამოვლინება აქვს. მაგალითად, დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ მედია-საშუალებებს ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობა აფინანსებს. ივანიშვილის ინტერესების მომსახურე მთავრობა თვალსა და ხელს შუა ახორციელებს "გაზპრომის" გულში ჩაკვრის პოლიტიკას - საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების საზიანოდ. ამავე დროს, შვეიცარიული პრესა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს საკუთარ წილს კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთ მტავარ იარაღში, "გაზპრპომში", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
დეპუტატი შენიშნავს, რომ საბედნიეროდ, საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ჯერ კიდევ უმეტესად პროდასავლურია. "სწორედ ამიტომ, ივანიშვილი მკვეთრ მოძრაობებს ვერ აკეთებს და პროდასავლურ პოლიტიკას სიტყვით თითქოსდა აგრძელებს. აშშ-ის მთავრობის ეს ანგარიში აჩვენებს რეალურად საით მიჰყავს ივანიშვილს საქართველო. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ ძალინ საზიანო პოლიტიკას ქართველი ხალხი წლევანდელ არჩევნებზე დაასრულებს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
დეპუტატის აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.
"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.