Europe's World: ევროკავშირს  საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის დეპოლიტიზაცია მართებს

Europe's World: ევროკავშირს საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის დეპოლიტიზაცია მართებს

ევროკავშირ-რუსეთის ცენტრის დირექტორი, ევროკომისიის ყოფილი მრჩეველი  ფრეიზერ კამერონი ჟურნალ Europe's World-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომ უდიდესი შეცდომა იქნება, თუკი  ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის გამო, ევროკავშირი უვიზოდ შესვლაზე უარს ეტყვის ისეთი მოწინავე ქვეყნის მოქალაქეებს, როგორიც საქართველოა.

სტატიაში, კამერონი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ქვეყნის  მიერ შესრულებულ ვალდებულებებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში მდებარე  ქვეყანა  კონფლიქტებითა და კორუფციით ცნობილ რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილია.

ევროკავშირს ჰაერივით სჭირდება წარმატების მაგალითი სამეზობლოში, სადაც „მეგობართა წრე“ „დენთის კასრად“ შეიკრა, ერთი თვალშისაცემი გამონაკლისით. ეს არის საქართველო. მეორე მხრივ, საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში უკრაინასთან ერთად დგას  კატეგორიაში „მიფუჩეჩების“ პერსპექტივის წინაშე, რაც დიდი და ფასდაუდებელი შეცდომა იქნება. ევროპის სამეზობლოს განახლებული პოლიტიკა ქადაგებს „დიფერენციაციას“ და „დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას“, მაგრამ დღეს, როცა რეგიონში პირველად დადგა დიდი სტრატეგიული არჩევანის საკითხი, ევროკავშირი, როგორც ჩანს, მზად არის,  თავის პრინციპებს უღალატოს.

სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა საქართველო   კონფლიქტებითა და კორუფციით ცნობილ რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა განუხრელად დგას ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გზაზე. ახალი ენერგიული პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების განხორციელებაში, ასევე მაღალია ქვეყნის პოზიციები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიებში. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ის ბევრად უსწრებს ყველა მეზობელს დემოკრატიის ხარისხის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოსა და უკრაინის გაიგივება ნიშნავს იმას, რომ მართალია, ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, ის იძულებული იქნება დაელოდოს კიევს, სანამ უკრაინაც არ გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

საქართველოში მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, 2016 წელი გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირის ისედაც შელახული იმიჯი და გავლენა კიდევ უფრო დაკნინდება, თუკი ის თავისივე კრიტერიუმების შესაბამისად არ იმოქმედებს. ევროპის სამეზობლოს განახლებული პოლიტიკის „დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის“ მიღებას შარშან ევროკავშირის 28, ანუ ყველა წევრმა სახელმწიფომ მისცა ხმა. მეორე მხრივ კი, საქართველოსა და უკრაინის ერთ ბედქვეშ მოქცევით ევროკავშირი თავისსავე პრინციპებს ეწინააღმდეგება. წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელიც კონცენტრირებულია უკრაინაზე, თამაშობს სახიფათო თამაშს: „ყველაფერი ან არაფერი“ იმ იმედით, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო წარმატებას მიაღწევს ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. ევროკავშირის სხვა წევრები კი ცდილობენ ვიზების ლიბერალიზაციის დასამარებას ემიგრაციასთან დაკავშირებული საშინაო პრობლემების გამო.

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს ამ პროცესის გაჭიანურება აკმაყოფილებს კიდეც, რადგანაც დღეს საზღვრებზე გადმოსულთა რიცხვის ზრდა მათ ნამდვილად არ ეხატებათ გულზე. მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომა იქნება, თუკი ევროკავშირში უვიზოდ შესვლაზე უარს ვეტყვით ისეთი მოწინავე ქვეყნის მოქალაქეებს, როგორიცაა საქართველო, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის წინაშე ვდგავართ. ვიზების ლიბერალიზაცია მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ტურისტების და ბიზნესმენების სტატუსით სტუმრობის უფლებას და არა საცხოვრებლად დარჩენისა თუ სამუშაო ადგილის პოვნის შესაძლებლობას. რაც შეეხება უკრაინას, მასაც უნდა მიენიჭოს იგივე უვიზო რეჟიმი მას შემდეგ, რაც ის სრულად დააკამაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერისთვის ვიზების ლიბერალიზაციის გაჭიანურებას სერიოზიული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ამით საქართველოს, უკრაინას და რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას, რუსეთის ჩათვლით,  მცდარი გზავნილი მიეწოდება. ამასთან, ცხადზე ცხადია, რომ ნებისმიერ შემდგომ შეყოვნებას რუსეთი გამოიყენებს პროპაგანდის მიზნებით. როდესაც გასული წლის დეკემბერში გაჭიანურდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, პუტინმა თვალის დახამხამებაში შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. დროა, ევროკავშირმა გაითავისოს თავისივე პროცედურები. საქართველო არის იშვიათი წარმატების მაგალითი, რომელიც იმსახურებს „დამსახურებაზე დაფუძნებულ“ მოპყრობას.

http://europesworld.org/2016/02/09/eu-depoliticise-georgias-visa-liberalisation-process/#.VrpK47J97IV