საქართველოს დასავლური ორიენტაციიდან არასდროს გადაუხვევია, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.
როგორც ბესელია ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ამ მხრივ კითხვები საქართველოს არც ერთ პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის არც აშშ-ს არ უჩნდება.
"არასოდეს, არც ერთ ევროპულ სტრუქტურას და ჩვენს არც ერთ ევროპელ მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ გადაუხვია გზას. საქართველოს ყველა ჩვენი ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორი, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ აძლევს ძალიან ღია და მკაფიო, მაღალ შეფასებას, რეფორმებს უჭერს მხრს და არავის ამ მხრივ კითხვები არ უჩნდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.
"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.