ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულებს შორის სამი "პარტიზანი მებაღე", ერთი კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
"პარტიზანი მებაღეები" პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი ტრაქტორის კოვშში ჩასხდნენ და კომპანია "ზიმოს" თანამშრომლებს სამუშაოების წარმოების საშულება არ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის წევრი ნოდარ დუმბაძე კი, პოლიციასთან შეკამათებისთვის დააკავეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რამდენიმე პირის დაკავების მიუხედავად აქციას განაგრძობენ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყების ინფორმაციით, ოთხი პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
"პარტიზანი მებაღეები" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. ხეების დასაცავად მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.