აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია, - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დაფიქსირებულ შეფასებას.
"იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, რათა საფუძველი გამოაცალონ რუსეთის მიზანმიმართულ მცდელობებს შეაფერხოს ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი", - აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.
აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.
"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.