საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ხელმძღვანელობის მიერ მიშველაძისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ჟურნალისტი თავად ავრცელებს, ნათქვამია, რომ ტელეწამყვანთან ხელშეკრულების გაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თებერვლის დასაწყისში წარდგენილი პროექტი გახდა, რომელიც არხის აღმასრულებელმა საბჭომ დაიწუნა.
"იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა "პირველი სტუდია", რომლის წამყვანის თანამდებობას თქვენ დღემდე იკავებდით, დახურულია, ხოლო თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თაობაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს, რომ თემატიკა, რომელსაც თქვენ შეეხებით პროექტის სახით წარმოდგენილ გადაცემაში, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ (ასევე უკვე წარმოების სტადიაში მყოფ) სხვადასხვა გადაცემებში და შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი დამატებით ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება. სახეზეა თქვენსა და სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება", - ნათქვამია წერილში და იქვე აღნიშნულია გადაწყვეტილების შესახებ, შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია" რამდენიმე თვის წინ დაიხურა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან გაათავისუფლა.