"სოლიდარობის ფონდში" დაფუძნებიდან, საერთო ჯამში 2 704 339 ლარი იქნა მობილიზებული. ამის შესახებ ნათქვამია "სოლიდარობის ფონდის" რიგით მე-10 ანგარიშში.
როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, საჯარო სექტორში დასაქმებული 55 000-ზე მეტი მოხელისა და 23 კომპანიის თანადგომით "საქართველოს სოლიდარობის ფონდში", დაფუძნებიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით საერთო ჯამში 2 704 339 ლარი იქნა მობილიზებული.
"უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, "სოლიდარობის ფონდმა" სიმსივნით დაავადებული 215 ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა 1 122 887 ლარის, 2 137 009 აშშ დოლარისა და 827 301 ევროს მოცულობით.
215 შემთხვევიდან 106 ბავშვისა და ახალგაზრდის შემთხვევაში დაფინანსდა ძვირადღირებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი გახლავთ ბათუმელი 15 წლის გიორგი ფირცხალაიშვილი, რომლის მკურნალობისათვის თურქეთში საჭირო 65 000 აშშ დოლარიდან "სოლიდარობის ფონდმა" 58 000 აშშ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა. დღეისათვის გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და "სოლიდარობის ფონდი" მოუთმენლად ელოდება ბავშვის მკურნალობის წარმატებით დასრულებას.
აღნიშნული დახმარებით "სოლიდარობის ფონდმა" არამხოლოდ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება, არამედ ათობით ოჯახის გადარჩენა შეძლო გაღარიბებისაგან, რადგან შვილების მკურნალობის დაფინანსების ერთადერთი გზა ბევრი ოჯახისათვის საცხოვრებლის გაყიდვა იქნებოდა.
"საქართველოს სოლიდარობის ფონდი" მადლობას უხდის ფონდის თითოეულ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს, რომელთა საშუალებითაც ეროვნული სოლიდარობის ფონდი აგრძელებს ბავშვების სიცოცხლისათვის ბრძოლას", - ნათქვამია ინფორმაციაში.