ნატო-მ უკვე გაზარდა შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა.
"ჩვენ გავზარდეთ საზღვაო წარმომადგენლობა, ასევე ჩვენი AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები დაფრინავენ რუმინეთში, ბულგარეთსა და შავ ზღვასთან ახლოს თურქეთში. ჩვენ გამუდმებით ვახდენთ შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენების შეფასებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ აქტიურად საქართველოსთან, ჩვენს ახლო პარტნიორთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არსებითი პაკეტის განხორციელებას. ეს, რა თქმა უნდა, შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ვხედავთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, რა დროსაც მაღალჩინოსნები აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის წარმომადგენლობის გაზრდის საკითხს განიხილავენ.
ხვალ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. განხილვის მთავარი თემა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ბოლო დროს უსაფრთხოების კუთხით განვითარებული მოვლენები იქნება.