რუსეთი ირანს რკინიგზისა და ოთხი თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის 2,2 მლრდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ შეთანხმება მხარეებმა უკვე გააფორმეს.
"ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ირანის ელჩმა რუსეთში, მეჰდი სანაიმ განაცხადა.
"გუშინ ირანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მუჰამედ ჰაზაი იყო აქ. რუსეთის მიერ 2.2 მლრდ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ ორი კონტრაქტი გაფორმდა, ერთი რკინიგზის, მეორე კი ოთხი თბოელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით", - განაცხადა მან.
ირანისთვის 2.2 მლრდ დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველყოფის შესახებ რუსეთში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადეს. მანამდე კი, რუსეთმა და ირანმა 40 მლრდ დოლარის ოდენობის კონტრაქტები გააფორმეს. ამასთან გასული წლის ნოემბერში რუსეთისა და ირანის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ გაზრდიდნენ სავაჭრო ბრუნვას ქვეყნებს შორის.
რუსეთში ირანის ელჩის თქმით, თეირანი ელექტროსადგურ Bushehr-2 - ის მშენებლობას მარტში დაიწყებს.