სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მთელი რიგი წევრების კომისიაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული კომისიაში მათი ყოფნის და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის ლიგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგეს, თუკი პარლამენტი მის მიერ მიღებულ დადგენილებაში ცვლილებებს არ განახორციელებს.
ასეთი კომისიის დაახლოებით 20 წევრია, რომელიც დღეის მდგომარეობით იმ პოზიციებსა და თანამდებობებზე აღარ იმყოფება, რის საფუძველზეც თავის დროზე კომისიის შემადგენლობაში შევიდა.
პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წევრების შეყვანის შესაძლებლობა საპარლამენტო ფრაქციებსა და პარლამენტის ე.წ. დამოუკიდებელ წევრებს მიეცა. კომისიაში თითო-თითო ადგილი იმ კვალიფიციურ პარტიებს დაუთმეს, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან. კომისიის ექს–ოფიციო წევრები კი, საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე" გახდნენ. მათ გარდა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარმომადგენლების შეყვანის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეცათ. კომისიაში ასევე ექსპერტ-სპეციალისტები შევიდნენ.
აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა, თუმცა დღეის მდგომარეობით, მთელი რიგი წევრები იმ პოზიციებზე აღარ არიან, რა სტატუსითაც კომისიაში შევიდნენ.
კერძოდ, კომისიაში დეპუტატი შალვა შავგულიძე ფრაქცია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, რომელიც ახლა უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრია. ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" სახელით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია თინა ხიდაშელი, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრია. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარდგენით საკონსტიტუციო კომისიის წევრია პავლე კუბლაშვილი და ის ახლა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია. დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონებს" წარმოადგენს, თუმცა მან ახლახანს უმცირესობის ფარგლებში ახალი ფრაქცია - "ნაციონალური მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის" შექმნა. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრებიდან კომისიის წევრია დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რომელიც ამჟამად უმრავლესობაშია გაერთიანებული და ფრაქციას "დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის" ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სტატუსით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია კოტე კუბლაშვილი, ხოლო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით – დავით პატარაია.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ექვსი წევრი თავის დროზე კომისიაში როგორც ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შევიდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით, ისინი ასეთ პარტიებს აღარ წარმოადგენენ. კერძოდ, კომისიის ეს წევრები არიან: ლევან ვეფხვაძე ("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"), რატი მაისურაძე ("ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია), ფიქრია ჩიხრაძე ("ახალი მემარჯვენეები"), ლევან ბოძაშვილი ("საქართველოს გზა"), თამარ ჯუღელი ("სამართლიანი საქართველოსთვის"), გიორგი ხოკერაშვილი ("საქართველოს ევროპელი დემოკრატები"). ასევე საკონსტიტუციო კომისიის წევრია გია კობახიძე – პარტია "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოდან", რომელმაც აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება დატოვა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიაში ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს, ექსპერტის სტატუსით კომისიის წევრია გია გეწაძე, რომელიც ამჟამად უკრაინაში საქმიანობს. ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან" კომისიაში შესულია თამარ გაბისონია, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაში აღარ არის. "საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრიდან" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია კახა კახიშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრია, ხოლო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" კომისიაში წარმოდგენილია კახა კოჟორიძე, რომელიც ახლა პრეზიდენტის მრჩეველია.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის უნდა წარედგინა, რაც კომისიამ ვერ შესძლო. ამის შემდეგ პარლამენტის დადგენილების პროექტში ცვლილებები რამდეჯერმე განხორციელდა და კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად დამატებითი ვადა რამდეჯერმე მიეცა. ბოლო ცვლილებებით, კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენის ვადა 2016 წლის 29 თებერვლამდე აქვს, თუმცა არც ერთ საკითხზე კომისიაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის.