თუ გვინდა სასამართლოს დაჩქარებული რეფორმირება პრეცედენტულ სამართალზე უნდა გადავიდეთ

თუ გვინდა სასამართლოს დაჩქარებული რეფორმირება პრეცედენტულ სამართალზე უნდა გადავიდეთ

არასამთავროების, ოპოზიციისა თუ საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ  პრეტენზიები სამართლიანად ისმის.  თუმცა, ამ პრეტენზიებში გამოკვეთილად რაც იკითხება, შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აპელირებაში მოვაქციოთ, რადგან მიიჩნევა, რომ სწორედ მისი ნაკლებობა არის მთავარი მიზეზი არასამართლიანი სასამართლოსი. სახელისუფლო ექსპერტები და ხელისუფლება კი იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ სასამართლო რეფორმირება/დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დიდ დროს მოითხოვს და შედეგები მალე არ მიიღწევა.

ჩემის აზრით სასამართლოსთან დაკავშირებით კომპეტენციის ნაკლებობას განიცდის როგორც ხელისუფლება (რომ არაფერი ვთქვათ ნებაზე), ასევე ოპოზიციაც და არასამათავროებიც, თვით ჩვენი კონსტიტუციაც სცოდავს ამ საკითხში. ყველა ერთხმად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აპელირებს. არადა, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხის ქვაკუთხედად ქცევა საკითხის პრიმიტივიზმამდე დაყვანას ნიშნავს.

სასამართლოს დამოუკიდებლობა კი არა, სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლო უნდა დავისახოთ მიზნად. ზოგიერთი იტყვის, ეს იგულისხმებაო. მაგრამ ასე არ არის, უფრო - პირიქით. თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევაა სასამართლოს ხელისუფლების გაჯანსაღების საფუძველი, მაშინ საკითხი მარტივადაა. საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების ნება და თუ ეს ნება არსებობს მის დამოუკიდებლობას და შესაბამისად გაჯანსაღებას წინ არაფერი უდგას. ხოლო თუ ამოცანა სასამართლოს მიუკერძოებლობის მიღწევაა, მაშინ მიზანი გაცილებით რთული და კომპლექსური აღმოჩნდება. მხოლოდ ნებით ფონს ვერ გახვალ.

დამოუკიდებელი მოსამართლე ნიშნავს მოსამართლის თავისუფლებას გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილებაში თავისუფალი მოსამართლე კი, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას თავის პირადი სიკეთისთვის იყენებს. ასე იყო შევარდნაძის პერიოდში. შევარდნაძის დროინდელი მოსამართლეები ყველაზე დამოუკიდებლები იყვნენ და ამ დამოუკიდებლობას თავის სასიკეთოდ იყენებდნენ – იყვნენ კორუმპირებულნი. მიუკერძოებელი, სამართლიანი მოსამართლე კი ნიშნავს არა დამოუკიდებელს, არამედ პირიქით, მხარეებზე მაქსიმალურად დამოკიდებულს, მაქსიმალურად პასუხისმგებლიანს მხარეების მიმართ.

მაგალითად, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა საკმარისია, მაშინ სასამართლო საქმისწარმოების სკურპულიოზური გაწერის აუცილებლობას ვერ დავინახავთ, მაგრამ თუ მივხვდებით, რომ საჭიროა მოსამართლის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაშინ სასამართლო საქმისწარმოების სკურპულიოზურ გაწერის აუცილებლობასაც დავინახავთ. დღეს ეს საერთოდ უგულებელყოფილია, რადგან მიიჩნევა, რომ დამოუკიდებლობა საკმარისია და პატიოსანი მოსამართლე თვითონ მიხედავს აღნიშნულ საკითხს. (სწორედ ამ ხედვის დადასტურებაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვაზე ამხელა აქცენტი), მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ყოფილა, რომ მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით შეცვალა საქმეში დოკუმენტაცია და დაუხვეწავი პროცედურების გამო პასუხი ვერ მოეთხოვა.

ჩვენ უნდა შევქმნათ არა დამოუკიდებელი, არამედ მხარეების მიმართ პასუხისმგებლიანი  სასამართლო. ამის მიღწევა კი გაცილებით რთულია და მას სწორი სტრატეგია და დიდი ხნის განმავლობაში სწორი გზით სიარული სჭირდება. ნაფიც მსაჯულთა კი არა, არამედ  პრეცედენტული სამართლის რეალური დანერგვის გზით.

მსმენია, თუმცა მცდარია მოსაზრება, რომ პრეცედენტული თუ კონტინეტული სამართლის არჩევანი ჩვენს შემთხვევაში თეორიული გემოვნების საკითხია. გამოითქმება აზრი (მთელს მსოფლიოში), რომ პრეცედენტული სამართალი მოსამართლის არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს და არ იქნება სწორი მოსამართლეებს თავისუფლება ბოლომდე შევუზღუდოთო.

ჩემის აზრით პრეცედენტულ და კონტინენტურ სამართალში არსებითი განსხვავება საბოლოო ჯამში ის კი არ არის, რომ ერთი მოსამართლის თავისუფლებას ზღუდავს და მეორე არა, არამედ იმაში, თუ როგორი მექანიზმით იხვეწება რეგულაციები და პრაქტიკა.

პრეცედენტულ სამართალში კანონის თანახმად მოითხოვება, რომ სასამართლო დაეყრდნოს ზედა და იმავე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუმცა პრეცენდეტული სამართალი იმავდროულად უშვებს შესაძლებლობას და აძლევს მოსამართლეს უფლებას, თუ იგი დასაბუთებულად ჩათვლის, გადაუხვიოს ამ ოქროს წესს. იმავდროულად, კონტინენტურ სამართალში არის ეგრეთწოდებული სარეკომენტაციო ხასიათის „გაიდლაინები“, რომელზე დაყრდნობაც მიზანშეწონილია მოსამართლისთვის. ე.ი. განსხვავება იმაშია, რომ ერთ შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, რომ დაეყრდნოს მოსამართლე, თუმცა მას შეუძლია განსაკუთრებულად დასაბუთების შემთხვევაში გადაუხვიოს ამ ოქროს წესს, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არის იმპერატიული ნორმა, რომლითაც სამართლებრივად სავალდებულოა მოსამართლე სარეკომენდაციო გაიდლაინს დაეყრდნოს, თუმცა მითითებაა და ამ წესიდან გადახვევისას მოსამართლეს სერიოზული არგუმენტაციის მოხმობა ევალება.

სტატისტიკურად გადახვევები ამ ეგრეთწოდებული ჩარჩოებიდან ორივე სამართალში დიდად არ განსხვავდება. ეს დაახლოებით პესიმისტ–ოპტიმისტის დისკუსიაა –ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი. ჩემის აზრით, ამ ორ მიმართულებას შორის, მთავარი განსხვავება ისაა, რომ პრეცედენტულ სამართალში კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობა ხდება, ხოლო კონტინენტურ სამართალში „გაიდლაინებზე“ , რომელსაც მეცნიერი იურისტები ქმნიან უზენაესი სასამართლოს მეშვეობით. ორივე შემთხვევაში მოსამართლეს წინ უდევს არამხოლოდ კანონმდებლობა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო იღებს, არამედ ამასთან ერთად ამ კანონმდებლობის განმარტებები (პრეცედენტული სამართლის შემთხვევაში წინა სასამართლო გადაწყვეტილებები, ხოლო კონტინენტურ სამართლაში მეცნიერ იურისტების მიერ შედგენილი „გაიდლაინები“) და რაც უფრო მეტია წინა სასამართლო გადაწყვეტილებები პრეცედენტულ სამართალში ან „გაიდლაინები“ კონტინენტურში , მით უფრო უმცირდება არჩევანის თავისუფლების არეალი მოსამართლეს. შესაბამისად, რაც უფრო დიდი ისტორია გააჩნია ქვეყნის სასამართლოს მით ნაკლები არჩევანის თავისუფლება რჩება მოსამართლეს, რამდენადაც ქვეყანაში მეტი სასამართლო პრაქტიკა დაგროვდა ან მეტი „გაიდლაინი“ დაიწერა.

ე.ი. რა გამოდის? გამოდის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც სასამართლო პრაქტიკას ახლა ქმნის, ყველაზე თავისუფალი მოსამართლეები ყავს დედამიწის ზურგზე. ანუ, ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაც სწორედ ეს არის – სიცარიელით განპირობებული თავისუფლება.

ჩვენ კონტინენტური სამართლის ნიშნები გვაქვს – მხოლოდ ნიშნები. შეიქმნა რაღაც ტიპის სარეკომენდაციო ხასიათის გაიდლაინები, რომელიც ზღვაში წვეთია.  სისხლში არ ვიცი, მაგრამ სამოქალაქო და ადმინისტრაციულში ამ მწირ „გაიდლაინებსაც“  უნდათ ეყრდნობიან უნდათ - არა, როგორც მოაწყობთ, არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ მისგან გადახვევისას თავი ოდნავ მაინც შეიწუხონ თუ რატომ არ დაეყრდნენ „გაიდლაინს“.

ახლა იმ საკითხს შევეხები, რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა პრეცედენტულს „გაიდლაინებთან“ მიმართებაში.

მეცნიერ იურისტები კი არა, ნორმალური პრაქტიკოსი ადვოკატები და მოსამართლეები თითზე ჩამოსათვლელია. ჩვენ არ გაგვაჩნია მეცნიერ იურისტების საკმარისი რაოდენობა, რომლებსაც უმოკლეს ვადებში შეეძლებათ ამ უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს შესრულება. გაცილებით ადვილია, პრაქტიკული თვალსაზრისით, კონკრეტული სასამართლო პრაქტიკით დავაგროვოთ რეგულაციები, მიდგომები და თანაც ძალზე მნიშვნელოვანი: როდესაც თითოეულ  სასამართლო გადაწყვეტილებას პრეცედენტის ძალა შეეძინება (ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ქვედა ინსტანციაზე და ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ჰორიზონტში) ეს ძალზე სერიოზულ ტვირთად დააწვება ყოველ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას (სად ის როდესაც მოსამართლემ იცის, რომ მისი გადაწყვეტილება დღეის ამას იქით ყველა, ამ სფეროში მომუშავე ადვოკატის, მოსამართლის თუ მკვლევარის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება და სად ეს დღევანდელი სიტუაცია, როდესაც მოსამართლეები ძირითად შემთხვევაში მხარეებთან ერთად მარტონი რჩებიან თავიანთ გადაწყვეტილებებთან) ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს პასუხისმგერბლობა არსებითად დადებითად იმოქმედებს გადაწყვეტილებებზე. დადებითი ეფექტი გამოიკვეთება მყისიერად, ამ წესის შემოღებისთანავე და არა პრაქტიკის დაგროვების, დიდი ხნის მერე.

სასამართლო, რევოლუციის შემდგომ ცოტა ხანში გამოკვეთილად გაუმჯობესდა, ხოლო შემდგომ არსებითად გაუარესდა. ამის მიზეზი შემდეგი იყო: რევოლუციის შემდგომ, როდესაც ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ მტკიცე ხელის პოლიტიკა დაიწყო, ხოლო ჯერ ტოტალური პოლიტიკური კონტროლი დამყარებული არ ჰქონდათ, მოსამართლეები (ძველი მოსამართლეები) ცდილობდნენ სწორად, მიუკერძოებლად გადაეწყვიტათ საქმეები (თვლიდნენ რომ ამით გადარჩებოდნენ დათხოვნას). ხედავდნენ რომ კორუფციისთვის დაისჯებოდნენ, იმავდროულად ჯერ არ იყო ხელისუფლების მხრიდან სახელისუფლებო ინტერესის ცენტრალიზებული გატარება. ხოლო შემდგომ ეს დაიკარგა.

პრეცედენტულ სამართალზე გადასვლით შესაძლებელია სასამართლოს არსებითად ნახტომისებურად გაუმჯობესება. ეს არ იქნება ერთბაშად გაკეთილშობება, მაგრამ იქნება თვალშისაცემი, შეუქცევადი გაუმჯობესება.