ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კახეთისა და გურიის გუბერნატორებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნული თხოვნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, უნდა დადგეს კახეთისა და გურიის გუბერნატორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობა.
"კახეთის გუბერნატორი, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ახლობელი იყო, საგმირო საქეებში რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 21-ე საუკუნეში ბატონ-ყმობის ახალი ფორმები დაამკვიდრა - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთელი აპარატი მის ოჯახზე მუშაობს. გამოვლინდა ფაქტი, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამუშაო საათების დროს შიოლაშვილის მამის მამულში შრომობდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და პირი გარდაიცვალა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაწყოს ძიება, თუ რატომ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნისთვის გამოყენება", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.
რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ ის უწევდა ორგანიზებას ფოთში, წამების კადრების სკოლის მოსაწავლეებისთვის ჩვენებას.
"ჩვენ ამის შესახებ პრემიერს ინფორმაცია მივაწოდეთ, როცა მთავრობას ამტკიცებდნენ, რაზეც გვიპასუხა, რომ შეისწავლიდა ამ ფაქტს და თუ დადასტურდებოდა შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა გია სალუქვაძე ისევ რჩება პოზიციაზე. ასეთი სამარცხვინო გუბერნატორიების არსებობის პირობებებში მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პირების გუნდში ყოლა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.