საჯარო რეესტრის მხრიდან ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა და ხვალ ლევან გაჩეჩილაძე ხელახლა მიმართავს დასარეგისტრირებლად რეესტრს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა.
ადვოკატი განმარტავს, რომ რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა, რათა ბაია გადაბაძემ რეესტრს წარუდგინოს სასამართლოს განჩინება. საუბარია განჩინებაზე, რომლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა და "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედება არ შეწყდა.
"რეესტრმა სამი დღით შეაჩერა რეგისტრაციის პროცესი, რათა ბაია გადაბაძემ წარადგინოს სასამართლოს განჩინება. ჩვენ ამ განჩინებას ავიღებთ და ხვალვე წარვუდგენთ რეესტრს. სამ დღეში ისედაც მოიხსნება რეგისტრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
თავის მხრივ, მისი თქმით, საჯარო რეესტრის დღევანდელი გადაწყვეტილება რეგისტრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია გაასაჩივროს და ამისთვის 30-დღიანი ვადაა განსაზღვრული.
ირაკლი კორძახიას თქმით, ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დარეგისტრირებამდე "მაესტროში" მისვლას არ გეგმავს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საჯარო რეესტრიდან აცნობეს.
უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.