საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესსა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობაზე ისაუბრეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დიალოგისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნის იმედი გამოთქვეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერი დღეს საქართველოში მოემგზავრება, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის მოსამზადებლად დამატებით შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატა საბანაძე.