ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს უფლებამოსილება ენიჭება, ბავშვი მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისგან განაცალკევოს.
სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
აღნიშნულს იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. ცვლილებები "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში შედის, რომელიც განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა.
პროექტის თანახმად, ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლისა თუ სხვა პირისგან განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს. ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არასრულწლოვნის აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით. ამასთან, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
კანონპროექტით ზუსტდება პოლიციის უფლებამოსილებები, რომლის თანახმადაც, პოლიცია ვალდებულია სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, "იარაღის შესახებ" კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამასთან, განისაზღვრება, რომ პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას და ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მათ დარღვევაზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად გვევლინება "სხვა პირი"-ც, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყოს, მაგრამ ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ახორციელებდეს.
"ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ხშირად, შეუძლებელია იმის დადგენა, მოძალადე არასრულწლოვნის მშობელია თუ სხვა კანონიერი წარმომადგენელი. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე სოციალურ მუშაკს ჰქონდეს უფლებამოსილება, მშობლისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლის გარდა, სხვა პირის მიერ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს და არასრულწლოვანი მოძალადისგან განაცალკევოს", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.