ლევან გაჩეჩილაძე შპს "ემ ინვესტმენტის" შენობაში შპს "სტუდია მაესტროს" მართვას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძე არის შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორი, თუმცა შენობა, რომელშიც ის მისვლას აპირებს "ემ ინვესტმენტს" ეკუთვნის. ადვოკატის განმარტებით, თუკი გაჩეჩილაძეს სურს შეხვედრა და საუბარი, ამაში ხელს არავინ შეუშლის, თუმცა "სტუდია მაესტროს" მართვას "ემ ინვესტმენტის" შენობაში ვერ შეძლებს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანის სარჩელს, რომლის მოთხოვნაა შეჩერდეს ახლად შეძენილი 30%-იანი წილის მოქმედება, სასამართლო დღეს 18:00 საათამდე განიხილავს და თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ამასთან, ადვოკატი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ირაკლი რუხაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კოტე გოგელია "მაესტროს" წილს ყიდის და ამისთვის 9,5 მილიონს ითხოვს, ადვოკატის თქმით, დაჟინებული მოთხოვნა წილის გაყიდვაზე ყოველთვის მოდიოდა რუხაძის მხრიდან და ამის დადასტურება რთული არ არის.
გიორგი გვენეტაძის განმარტებით, ინიციატივა წილის გაყიდვასთან დაკავშირებით მაკა ასათიანის მხარეს არასდროს გამოუხატავს.
"მაესტროს" შენობაში უკვე მივიდა მაკა ასათიანი, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.