კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" 12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს.
კოალიციის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამისი განცხადება დღეს შეიტანეს.
როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აღნიშნულმა მოსამართლეებმა მამუკა ახვლედიანის მიმართ გამოთქვეს არაჯანსაღი კრიტიკა და არაეთიკური განცხადებები, რის გამოც მათ მიმართ უნდა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება. საუბარია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლეზე, რომლებმაც მამუკა ახვლედიანის საპასუხოდ გაავრცელეს განცხადება და მოსამართლეებზე, რომლებმაც კოალიციის წევრების თქმით, სასამართლოს შიდა ქსელში გამართეს მიმოწერა ახვლედიანის წინააღმდეგ.
"კოალიცია მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვს ცალკეული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას იმისთვის, რომ საბჭომ გამოარკვიოს ხომ არ ჰქონდა მათ ქმედებაში არაეთიკურ ქცევას ადგილი. საბჭო ძალიან აქტიურად ცდილობს მამუკა ახვლედიანის ქმედებაში ეთიკის ნორმების დარღვევის აღმოჩენას და მის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება. იმისთვის, რომ საბჭომ აჩვენოს, თანმიმდევრულია აღნიშნული მოსამართლეების მიმართ უნდა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება. მამუკა ახვლედიანის განცხადებებს მოჰყვა არაჯანსაღი გამოხმაურება სასამართლოს შიგნიდან, არაჯანსაღი კრიტიკა და არაეთიკური ეპითეტები. მოიხსენიებდნენ ბრჭყალებში მოსამართლედ, უწოდებდნენ ამორალურს და უღირსს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ მოსამართლეების ქცევით", - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა და აღნიშნა, რომ საბჭომ ასევე უნდა დაადგინოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლის ვინაობა, რადგან ისინი განცხადებას ხელს არ აწერდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი იმედოვნებს, რომ საბჭო ობიექტურად შეისწავლის მათ მოთხოვნას.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად თანმიმდევრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ შეისწავლოს ჩვენი განცხადებები. ჩვენ ვერ ვხედავთ მამუკა ახვლედიანის განცხადებებში დარღვევას, თუ სისტემურ პრობლემებზე საუბარი ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად, ეს პირდაპირი მესიჯი იქნება, რომ არავინ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოს აქვს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.