MAP-ზე კონსენსუსი რომ არ არის ეს ნათელია, - ამის შესახებ საქართველოს თვდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, MAP-თან დაკავშირებით სპეკულაციების დაწყება იქნება არასწორი.
"MAP-ზე კონსენსუსი რომ არ არის ეს ნათელია და ამაზე ჩვენ სპეკულაციები რომ დავიწყოთ არასწორი იქნება. პირველი დეკემბრის დეკლარაცია არის დასტური იმ მასშტაბის კონსენსუსის, რაც იქ ჩაიწერა. საქართველოსთან მიმართებაში ტექნიკურად ეს საკითხი შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად, გადაწყვეტილება და მოწვევა MAP-ის შესახებ ერთდროულად იქნება მიღებული", - განაცხდა თინა ხიდაშელმა.
დღეს ნატო-ში ალიანსის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ MAP არ არის საქართველოს ამოცანა, საქართველოს ამოცანა არის ნატო-ში გაწევრიანება. საქართველო არ იბრძვის MAP-ის მიღებისთვის, არამედ იბრძვის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობას პრაქტიკულად რეალისტურს გახდის, არის საქართველოს ამოცანა როგორც დეკემბრის მინისტერიალზე, ისე ვარშავის სამიტზე.
"ამას სახელად რა დაერქმევა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს დღეს (და ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურად იზრდება) და იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP-ის მქონე ან დღეს MAP-ის მქონე ქვეყანას აქვს. MAP-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ MAP-ი საკრალური მცნება გახდა ქართველებისთვის და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, თუმცა მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ხიდაშელი მიიჩნევის, რომ - ნატო-ს წევრობის გზაზე დადგომით. თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა არა წევრობის, არამედ MAP-ის გზაზე ვდგავართ და ეს შუალედური რგოლი უნდა ამოვაგდოთ.
"ეს მოხდება MAP-ის მიღებით თუ იმის თქმით, რომ MAP-ი აღარ არის საქართველოსთან მიმართებაში რელევანტური და აღარ გვჭირდება, ამას ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ განსაკუთრებული აკვიატებები არა გვაქვს, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას დასჩემდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.