ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის კანონით დადგენილ წესებს უნდა დაექვემდებაროს

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის კანონით დადგენილ წესებს უნდა დაექვემდებაროს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის - "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დაასრულა.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, დღეიდან აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება.

"აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.