ბაჩო კიკაბიძე – საჯარო რეესტრიდან გაქრა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე გია გაჩეჩილაძემ საკუთარი წილები

ბაჩო კიკაბიძე – საჯარო რეესტრიდან გაქრა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე გია გაჩეჩილაძემ საკუთარი წილები "მაესტროს" დამფუძნებლებს გადაუფორმა

"მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორი ბაჩო კიკაბიძე საჯარო რეესტრიდან იმ დოკუმენტაციის "გაქრობაზე" საუბრობს, რომელიც, მისივე ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძის მიერ "თავის დროზე" საკუთარი წილების ტელეკომპანიის დამფუძნებლებისთვის გადაფორმებას შეეხება. 

შესაბამისი განცხადება, ბაჩო კიკაბიძემ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. 

კიკაბიძის განმარტებით, "თავის დროზე" გია გაჩეჩილაძემ საკუთარი წილები "მაესტროს" დამფუძნებლებს გადაუფორმა, თუმცა ვინაიდან ტელეკომპანიას ყადაღა ედო, ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა და საჯარო რეესტრში ამ სახით გატარდა. 

"რომ არ ყოფილიყო ყადაღა, საჯარო რეესტრში არა ამ დოკუმენტს დავაფიქსირებდით, არამედ პირდაპირ გიორგი გაჩეჩილაძის გადაფორმებულ წილებს. 
როდესაც "მაესტროს" დამფუძნებლებმა თავის დროზე გადაუფორმეს გიორგი გაჩეჩილაძე წილი, მანამდეც დავუწესეთ ერთგვარი შეზღუდვა, რომ ის ვერ გაასხვისებდა ამ წილს დამფუძნებლის ნებართვის გარეშე. საჯარო რეესტრიდან გაქრა ეს ამონაწერი, ეს ხელშეკრულებაც გაქრა, წინარე ხელშეკრულებაც გაქრა და საერთოდ გასუფთავდა გია გაჩეჩილაძის წილი. როდესაც მე თეა წულუკიანს მივმართე ასეთი ხარვეზი მოხდა და რაშია საქმეთქო, მერე კი მოხდა გარკვეული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამეწარმეო რეესტრში, თქვეს, რომ რომელიღაც გოგონას შეეშალა და მას გამოუცხადეს საყვედური. გია გაჩეჩილაძეს ძველი შეზღუდვა აღუდგინეს, ხოლო ეს შეზღუდვა აღარ აღუდგინეს. გვითხრეს, ბოდიში შეგვეშალაო, მაგრამ ამაზე ცალმხრივად ჰქონდა გაუქმების უფლებაო. მაგრამ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება ხომ არ იყო ფურცელი, რომელიც ჩვენ დავწერეთ, ხელი მოვაწერეთ და ჯიბეში ჩავიდეთ? კონტრაქტის გამყარება მოხდა არა ისე, რომ დავწერეთ და სადღაც ფაილში ეგდო ოთახში, არამედ ნოტარიულად დავამტკიცეთ და საჯარო რეესტრში გავატარეთ. იქ გარკვევით წერია ყველაფერი. ჰკითხეთ ჩვენს მაშინდელ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას რატომ გაფორმდა ეს კონტრაქტი. რომ არ ყოფილყო წილებზე ყადაღა, მოხდებოდა თუ არა იმ დღესვე საჯარო რეესტრში გადაფორმება და საჭირო აღარ იქნებოდა ამ ფურცლების შედგენა", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ. 

მისივე შეფასებით, გია გაჩეჩილაძის მიმართ სამთავრობო მხარდაჭერა იკვეთება.

"მიმდინარე პროცესების ქრონოლოგიურად თუ შევხედავთ, გია გაჩეჩილაძის მიმართ სამთავრობო მხარდაჭერა იკვეთება. მე ვუსმენდი ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გადაწყვიტა ბარემ ეყიდა ტელევიზია. ამას ყველაფერს როდესაც დაალაგებ პირდაპირ გამოჩნდება, რომ გაჩეჩილაძე არის შეფუთვა, დეკორაცია, რის უკანაც რაღაც დგას", - აღნიშნა კიკაბიძემ.