პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მიიწვია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.
ევროკომისიაში ჟან-კლოდ იუნკერთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები იყო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება და ასოცირების დღის წესრიგის ახალი პრიორიტეტები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კონკრეტული გზამკვლევი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა.