ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განახლებული ამერიკული კუთხე გაიხსნა. განახლებული კუთხის ლენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გაჭრეს. საზეიმო ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები.
ამერიკული კუთხე ბათუმში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. განახლებული სივრცე აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით, აიპედებით, კომპიუტერებითა და 3D პრინტერით.
როგორც იან კელიმ განაცხადა, ამერიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის კუთხე გაკეთდა ისეთივე უახლესი დიზაინით, როგორც ამერიკის ბიბლიოთეკები ეწყობა.
"ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, განეხორციელებინა ეს ინვესტიცია ბათუმში, ქალაქის კულტურული, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების საფუძველზე. აქ ჩვენ ვხედავთ უახლეს დიზაინს, რომელიც სრულად შეესაბამება იმ დიზაინს, რომელიც თანამედროვე ამერიკულ ბიბლიოთეკებში ინერგება. თანამედროვე ბიბლიოთეკა გახლავთ არა მხოლოდ წიგნები, არამედ ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მოიპოვოს ინფორმაცია", - აღნიშნა იან კელიმ.
განახლებულ ამერიკულ კუთხეს დაემატა მიკრო ოთახი - ინოვაციური ტექნოლოგიების ფლობის საშუალებები. მოხალისეებს შეუძლიათ მინი რობოტების აწყობა და სხვა იდეების განხორციელება.