მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, რაც წაადგება ქართულ სისტემას, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ელჩმა განმარტა, საკითხთან დაკავშირებით მისგან ვრცელი განმარტება მიზანშეწონილი არ იქნება, თუმცა კელის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა.
"დღეს ჩემი მეორე შეხვედრა შედგა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. პირველი შეხვედრა იყო ოქტომბერში და თავმჯდომარემ მომაწოდა ინფორმაცია განხილვაში მყოფი საქმეების შესახებ. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, რაც წაადგება ქართულ სისტემას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა იან კელიმ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია და ძალიან მალე ის აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.