"მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება დაჩქარებული წესით მოხდება

ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირება დაჩქარებული წესით მოხდება, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა გადახდილი, - ამის შესახებ გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დარეგისტრირების პროცესი უკვე დაწყებულია.

"განაცხადი შევიდა, დაჩქარებული წესით მოხდება რეგისტრაცია, მეურვის ნებართვის შემდეგ. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს უნდა ჰკითხოთ საჯარო რეესტრს. ყველა საბუთი წესრიგშია, მეურვემ ხელი მოაწერს "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმს და საბუთები დასარეგისტრირებლად შევიდა", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ის აუცილებლად შეხვდება "მაესტროს" თანამშრომლებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "მაესტროში" სიმშვიდემ, პროფესიონალიზმმა, სტაბილურობამ დაისადგროს და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდეს.

გაჩეჩილაძის განცხადებით, ტელევიზიაში სავარაუდოდ ხვალ მივა და საქმიანობას შეუდგება. მან დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირაკლი რუხაძისგან გია გაჩეჩილაძემ ვალი აიღო.

"საგადასახადო კოდექსის მიხედვით ვალი აუცილებლად უნდა იყოს პროცენტიანი. ეს არის ძალიან სამართლიანი და იურიდიულად სწორი მოლაპარაკება", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.