მიგრაციის კრიზისის მიუხედავად საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ გაზრდილა

მიგრაციის კრიზისის მიუხედავად საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ გაზრდილა

ევროპაში არსებული მიგრაციის კრიზისის მიუხედავად საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ გაზრდილა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, პირიქით - 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იკლო. 

"გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, მსოფლიოში არასდროს ყოფილა იმდელი ლტოლვილი, რამდელიც წელს არის. 61 მილიონი ადამიანია თავისი ქვეყნიდან გაქცეული და ეძებს თავშესაფარს, რათა სიცოცხლე გადაირჩინოს. მსოფლიოს ძალიან ბევრ ნაწილში ჰუმანიტარული კრიზისია, სამწუხარო ის არის, რომ ძირითადი კერა არის ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ირგვლივ, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი არის წასული იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. ცხადია, ამ ადამიანების უმრავლესობა მიდის განვითარებულ ქვეყნებში და ეძებს თავშესაფარს, თუმცა ჩვენთანაც ბევრია. 2010 წელს 57 თავშესაფრის მაძიებელი იყო, 2011 წელს 79 და 2014 წელს უკვე გაიზარდა 1792 ადამიანამდე ანუ პრაქტიკულად, გაოცმაგდა ადამიანების რაოდენობა. შარშან იყო 1284 მომართვა, თუმცა 2014 წელთან შედარებით ერთგვარად იკლო", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისი თქმით, 2014 წელს მაღალი მომართვიანობა ნაწილობრივ განაპირობა მიგრანტების მოლოდინმა, რომ საქართველოდან ადვილად წავიდოდა ევროპის ქვეყნებში. 

"როდესაც ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველო გაეროს მიერ აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, აქედან მათ კარი დაკეტილი აქვთ, ისინი დაბრუნდნენ იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდნენ, ანუ თურქეთში და იქედან უკვე სხვა გზებით სცადეს წასვლა ევროპის ქვეყნებში. 
ჩვენც შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და ბოლო წლებში თავშესაფრის მინიჭების პროცენტული რაოდენობა იყო საკმაოდ დაბალი, 2015 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის არავისთვის არ გვითვამს უარი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ ეს ადამიანი მართლა დევნას გამოექცა და მართლა საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ცხადია იყო არაერთი უარიც", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

რაც შეეხება მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცენტულ მაჩვენებელს, მინისტრის განმარტებით, 2013 წელს 719 მომართვიდან 21% მიენიჭა თავშესაფარი, 2014 წელს 1792-დან 37% იყო დადებითი, ხოლო 2015 წელს- 76% იყო დადებითი.

"76%-დან 5,5% იყო ლტოლვილი, დანარჩენი ჰუმანიტარული, მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ლტოლვილის სტატუსი ენიჭება იმ პირს, რომელიც განიცდის დევნას რელიგიის, რასის, გარკვეული შეხედულების გამო და მას იმ ქვეყანში ცხოვრება წარმოადგენს პიროვნულ საფრთხეს. ხოლო ჰუმანიტარული - ცოტა უფრო ზოგადია, ეს არ არის პიროვნული დევნა, ეს არის ომი იმ ტერიტორიაზე, რის გამოც იქ ცხოვრება არის საშიში მისთვის და მისი ოჯახისთვის", - განაცხახა სოზარ სუბარმა.