ნინო ლომჯარია – მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო

ნინო ლომჯარია – მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მოითხოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნების" იურიდიულმა კონსულტანტმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია პირადად წარუდგინა.

"მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გადმოგვცა დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური მოკვლევა. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ორი დისციპლინური დევნა და ერთ-ერთი მათგანი დაწყებულია უზენაესი სასამართლის თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე იუსტიციის საბჭოსადმი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც იუსტიციის საბჭოში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, დაირღვა სამოსამართლეო ეთიკის ნორმები და მოითხოვს, რომ დაიწყოს დევნა აღნიშნული მოსამართლის მიმართ. ეს გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ საბჭო იყენებს ბოროტად მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას და იწყებს დევნას იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც მათთვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ ერთ-ერთის ინიციატორი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც მოითხოვა ამ პროცესის დაწყება", - განაცხადა ლომჯარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძე დევნის ნაცვლად, მოსამართლეებს სისტემურ პრობლემებზე უნდა ესაუბრებოდეს.

"უზენაესი სასამართლოს თვამჯდომარე მის დაქვემდებარებაში მყოფი სასამართლოების მოსამართლეებს ამ პრობლემებზე უნდა ხვდებოდეს, ესაუბრებოდეს, კონსულტაციებს უნდა მართავდეს. სწორი არ არის, დაიწყოს დევნა მოსამართლეებზე, რომლებიც ფაქტობრივად ერთეულები არიან სისტემაში და პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს ბედავენ", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ახვლედიანი განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.