საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები იყო - ვიზების ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირთან თანამშრომლობა.
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება. საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.