ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროში" ვერ შემოვა

ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრების ოთახს მიღმა ტელეკომპანია "მაესტროში" ვერ შევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუკი გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირდება, მას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ფართი "მაესტროსთვის", "არსებულ შენობაში კი შეხვედრების ოთახს მიღმა მისთვის ზღურბლი იარსებებს".

"თუ გინდათ გითხრათ, რომ ხელს დავარტყამ ლევან გაჩეჩილაძეს, რომ მოვა, ასე არ არის. დაცვა მემორჩილება მე. მკითხავენ, ქალბატონო ბაია, შევუშვათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძე შენობაში? - მე ვკითხავ ლევანს, თუკი სასაუბროდ არის მოსული, შემოვიდეს შეხვედრების ოთახში, ამის იქით, მისთვის არის ზღურბლი. თუ დარეგისტრირდება დირექტორად, მას ალტერნატიული ფართი უნდა ჰქონდეს "მაესტროსთვის". ამაზე დირექტორმა აუცილებლად უნდა იზრუნოს. მე ამაზე ვზრუნავდი, თუმცა სამწუხაროდ ეს საშუალებები ხელიდან გამომაცალეს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ამასთან, ის ტელეკომპანიის რეიტინგებთან დაკავშირებით გაჩეჩილაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, "უმჯობესი იქნება გაჩეჩილაძემ ჯერ რადიო "უცნობის" რეიტინგზე იზრუნოს, რადგან მისი მართვა უფრო იოლია".

"მე გადავხედე რადიო "უცნობის" რეიტინგს და ის ათეულშიც არ არის. ასევე აღმოჩნდა, რომ რადიო რეიტინგებსაც ვერ უკვეთავს ფინანსური პრობლემების გამო. რადიოს მართვა გაცილებით ადვილია და ვურჩევ გაჩეჩილაძეს, ჯერ რადიო დააყენოს ფეხზე და შემდეგ იქნებ ტელევიზიაზე გადმოინაცვლოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.