მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლოს მნიშვნელოვან საკითხებზე მთავრობასთანაც და პარლამენტთანაც, -ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მთავრობის წევრების პარლამენტში ვიზიტს შეეხებოდა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის დღეს ხედავს უფრო მეტ მზაობას თანამშრომლობისას, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. რაც შეეხება კითხვას, შეიძლებოდა თუ არა, რომ ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ყოფილიყო პერსონალური დაპირისპირება ურთიერთობაში, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ის არ არის პოლიტიკური კომენტატორი, არამედ წარმოადგენს პოლიტიკური პროცესების ნაწილს, შესაბამისად, მარგველაშვილმა კითხვას ზოგად კონტექსტში უპასუხა.
"მე პოლიტიკური კომენტატორი არ ვარ. მე ვარ პოლიტიკური პროცესების ნაწილი და შემიძლია გესაუბროთ ჩემს პოზიციაზე. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა პირველი დღიდან, რაც მე ვასრულებ მოვალეობას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლოს მნიშვნელოვან საკითხებზე მთავრობასთანაც და პარლამენტთანაც. მიმაჩნია, რომ ეს საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით. აგრეთვე არსებობს პოლიტიკური კულტურის ელემენტები, რომელიც ჩვენ მნიშვნელოვანწილად უნდა გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ და ამ ჩარჩოში ვეურთიერთოთ ერთმანეთს. ასეთი პოზიცია მქონდა მე შარშანაც და მომავალშიც ასე მექნება.
დღეს მე ვხედავ უფრო მეტ მზაობას თანამშრომლობისკენ, იმ იდეებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ჩამოვაყალიბე. მე მივესალმები ასეთ მზაობას. იმედი მაქვს, რომ ეს მზაობა გამოადგება ქვეყანას. მიზეზები თუ რა განაპირობებს ასეთ ურთიერთობას, არ ვუღრმავდები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.