საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის სტრუქტურა არის სამთავრობო ფუნქცია და უნდა დარჩეს მთავრობას.
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის საკითხის განხილვისას განაცხადა, ის ამის საჭიროებას ვერ ხედავს და უმჯობესი იქნება, თუ მოხდება ინსტიტუტებს შორის უკეთესი კავშირი.
"2014 წელს მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შემუშავებული და გაზიარებული იქნა პარლამენტის მიერ, უშიშროების საბჭო გახდა კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო მანამდე. ეს მოხდა იმიტომ, რომ უშიშროების საბჭო გახდა ერთადერთი ფორმალური ინსტიტუტი, რომელშიც პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და საპარლამენტო ხელისუფლების ხელმძღვანელი ერთად სხდებიან, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები გადაწყვიტონ. ასეთი მაღალი პოლიტიკური ფორმატი საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს.
მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც - კრიზისებიც. კრიზისები, რომელიც ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურებმა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ. ამისათვის მთავრობაში უნდა არსებობდეს რაღაც ტიპის მექანიზმი, რომელიც კრიზისებს გაუმკლავდება.
მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი კრიზისი შესაძლოა გახდეს იმდენად საგანგაშო, რომ ამ საკითხის გატანა გახდეს საჭირო უშიშროების საბჭოზე. და ამ საკითხზე არა უბრალოდ ქმედებები, არამედ პოლიტიკური რეაგირება გახდეს საჭირო. ჰარმონიულ თანამშრომლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება ვისაუბროთ ამ ორი ინსტიტუტის ეფექტურად თანამშრომლობაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.