გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა, მამუკა ღლონტს და სხვა პარტნიორებს არ მიუმართავთ გაჩეჩილაძისთვის, რათა წილები გადაეფორმებინათ. მისივე თქმით, დღეს აღნიშნული ხელშეკრულების ირგვლივ საქმე სასამართლოში განიხილება.
„ხელშეკრულებაში წერია, რომ გიორგი გაჩეჩილაძე ვალდებულია 400 ლარის სანაცვლოდ გადააფორმოს მისი წილი მამუკა ღლონტზე და სხვა პარტნიორებზე ერთი კვირის ვადაში, რაც მართვის ხელშეკრულება შეწყდებოდა "რუსთავის მართვის კომპანიასთან". მართვის ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 30 ნოემბერს, ერთი კვირა გადიოდა 7 დეკემბერს. ხელშეკრულების თანახმად, არსებობდა ერთი კვირა იმისათვის, რომ მათ მიემართათ გაჩეჩილაძისათვის. 7 დეკემბრამდე არ მოუმართავს მამუკა ღლონტს და სხვა პარტნიორებს გიორგი გაჩეჩილაძისთვის, რომ მას ეს წილი გადაეფორმებინა. შესაბამისად, მისი ვალდებულება გაქარწყლდა. რაც შეეხება დაყადაღებას, 8 დეკემბერს მოხდა წილების დაყადაღება.
რაც შეეხება თანხას, გაჩეჩილაძეს 400 ლარი არ აუღია. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გაუვიდა", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
ადვოკატის თქმით, იმისათვის, რომ სამეწარმეო რეესტრში მოხდეს ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება, საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა. "ამჟამად დე იურე დირექტორი არის ლევან გაჩეჩილაძე. რაც შეეხება ბანკებთან, შემოსავლების სამსახურთან და სხვადასხვა ორგანოებთან ურთიერთობაში ლევან გაჩეჩილაძე რომ ჩაითვალოს დირექტორად, საჭიროა რეგისტრაცია. ამისათვის ნოტარიუსის მიხედვით დამოწმდება პარტნიორთა კრების ოქმი, ავიღებთ თანხმობას ეროვნული სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლისგან და მხოლოდ ამის შემდეგ მივმართავთ სამეწარმეო რეესტრს, სადაც დარეგისტრირდება ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად", -განაცხადა გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.