ლევან გაჩეჩილაძის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გიორგი გაჩეჩილაძე არის "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი.
რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ამისათვის, გაჩეჩილაძის თქმით, არსებობს სასამართლო. გაჩეჩილაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან ტელეკომპანია "მაესტროს" შენობასთან გააკეთა.
კითხვაზე, თუ ვინ არის ამ ეტაპზე არხის დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელთა გადაწყვეტილებით, არხის დირექტორი თავად ლევან გაჩეჩილაძეა.
"საჯარო რეესტრში გიორგი გაჩეჩილაძე არის 55%-იანი წილის მფლობელი. რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას და სასამართლო დავებს, ეს არის ადვოკატების და მოსამართლეების პრეროგატივა. რაც შეეხება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებას, მეორე მხარის მიერ ვერ მოხდა და საქმე სასამართლოში იხილება. არხის დირექტორი 55% წილის მფლობელთა გადაწყვეტილებით, მე ვარ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას სურს ჩაიხედოს ტელეკომპანიის სამზარეულოში და ამის შემდეგ დაიწყოს მოქმედებები. გაჩეჩილაძის განცხადებით, მთავარი მიზანია "მაესტრო" გაკოტრებას გადაარჩინოს.