"მაესტროს" ახალი გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და "მაესტროს" აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს შორის შემდგარი შეხვედრა პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა.
როგორც ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას განმარტა, მას პრემიერ-მინისტრთან 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებს და გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი საბანკო სფეროდან, რომელიც რისკის ფასად წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ოპოზიციურ სპექტრს.
"მე და გიორგის 30-წლიანი მეგობრობა გვაქვს, ერთ დღეს ვართ დაბადებულები. გიორგი კვირიკაშვილი აქამდე პრემიერ-მინისტრი არ იყო და გვქონდა სისტემატური შეხვედრები, დაბადების დღეების ერთად გადახდაც კი ხდებოდა. აქედან გამომდინარე დამატებით პოლიტიკურ ელფერთან დაკავშირებით კითხვები მე არ მიჩნდება. გიორგი კვირიკაშვილის ჩემი სუბიექტური დახასიათება არის ის, რომ ის არის ერთადერთი ყოფილი ბანკირი, ვინც თავისი რისკის საფასურად გვერდით ედგა მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბრძოლის განმავლობაში. მე ეს არასდროს არ მითქვამს, მაგრამ რადგან მომეცა ამის საშუალება, ვამბობ.
გიორგი კვირიკაშვილი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი თავის სფეროში, ამასთან ერთად, ის იქნება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან სუფთა პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ვალი დღეს არის, რაც შეიძლება ხელის შევუწყოთ გიორგი კვირიკაშვილს მის განვითარებაში, იმიტომ, რომ მასზე ბევრი რამე არის დამოკიდებული საქართველოს განვითარებიდან გამომდინარე და არ დავამძიმოთ უაზრო პოლიტიკური გირებით", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.