მამუკა ღლონტის ადვოკატი პაატა კიკვიძე აცხადებს, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ საკუთარი წილები 2011 წელს გაასხვისა, რისი ხელშეკრულებაც არსებობს, თუმცა აღნიშნული ქმედება არ ყოფილა საჯარო რეესტრში ასახული, რადგანაც მიმდინარეობდა სასამართლო დავა და ქონებას ყადაღა ჰქონდა დადებული.
როგორც კიკვიძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" ჟურნალისტებს განუცხადა, ამით "მაესტროს" ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ ბოროტად ისარგებლა და ბაია გადაბაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"ვიდრე 55% წილი გაუხდებოდა გიორგი გაჩეჩილაძეს, ის იყო 25%-იანი წილის მფლობელი. 2011 წლის ნოემბერში 25%-ზე დაიდო წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გიორგი გაჩეჩილაძე კისრულობდა ვალდებულებას, რომ 25%-იანი წილი გადაენაწილებინა დანარჩენ პარტნიორებზე კონკრეტული პირობების დადგომის შემთხვევაში. ეს პირობები დადგა, მაგრამ ამ შუალედში, როდესაც ხელშეკრულება უნდა დადებულიყო, დაიწყო სასამართლო დავა შპს "მაესტროსა" და "მედიის განვითარების კომპანიას" შორის. ამის შედეგად ყველა პარტნიორის წილი დაყადაღდა. ყადაღის ვითარებაში ეს ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა, თუმცა ამას არ ჰქონდა ძალა, რომელიც ხელშეკრულებას ძალას დააკარგვინებდა. ყადაღა ქონებას 2011 წლის 5 დეკემბერს დაედო. იგივე პარტნიორებმა გააფორმეს კრების ოქმი. ისინი იყვნენ მამუკა ღლონტი, ეკა აკობია, ლევან ჩიკვაიძე, გიორგი ებრალიძე, გიორგი გაჩეჩილაძე. ამ ხელშეკრულებით, იმის გამო, რომ ქონებაზე სასამართლო განჩინებით იყო ყადაღა დადებული, გადაავადეს ხელშეკრულების შესრულების ვადა მანამდე, რაც ყადაღა გაუქმდებოდა. ეს ხელშეკრულება დღესაც მოქმედია და წარმოშობს იმ ვალდებულებებს, რომელიც თავის დროზე გიორგი გაჩეჩილაძეს ჰქონდა ნაკისრი. ამის სანაცვლოდ გიორგი გაჩეჩილაძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 400 ლარი უნდა მიეღო", - განაცხადა მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 55% წილის მფლობელი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით, გიორგი გაჩეჩილაძეა, თუმცა ადვოკატის განმარტებით, თუ მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, გიორგი გაჩეჩილაძის წილი იქნება არა უმეტეს 45%-სა. ამასთან, კითხვაზე - ჰქონდა თუ არა გაჩეჩილაძეს ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება, ადვოკატმა განმარტა, რომ გათავისუფლების უფლება ჰქონდა, თუმცა ის განცხადება, რომ დირექტორის გათავისუფლებას არ სჭირდება დასაბუთება, არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი. "რიგგარეშე კრების მოწვევას სჭირდება საფუძველი და მიზეზების მითითება. ამ შემთხვევაში ეს მიზეზები მითითებული არ ყოფილა", - განაცხადა პაატა კიკვიძემ.