საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას საქართველოს მომავალში პირდაპირი ინვესტიციად აფასებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამის მიმდინარეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ფატემა სუმარმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. საუბარი შეეხო ახალ მიმართულებებს. პრემიერმა კორპორაციას კერძო სექტორის ჩართულობასა და პროფესიულ განათლებაზე მეტი აქცენტის გაკეთების თხოვნით მიმართა, რასაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი ამ მიმართულებით, აშშ-ის დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა.
"140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების სწავლება თბილისში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალო სკოლებში, მასწავლებლების ტრენინგი და ბევრი სხვა", - განაცხადა პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
კომპაქტის წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერის როლზე ისაუბრა ფატემა სუმარმა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, რაც სამუშაო ადგილებზე მათ ხელმისაწვდომობას გაზრდის.
შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.