საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც თავად ან თუნდაც დეპუტატი გოგი თოფაძე.
დავით სერგეენკომ შესაბამისი კომენტარი პარლამენტში დეპუტატ გოგი თოფაძის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში ძალიან ხისტი და კატეგორიული იქნება. ეს არის პოზიციის კატეგორიულად მიუღებელი გამოხატვა. ასეთი დეფინიცია, შედარებები, როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელია. ცალსახად ვადასტურებ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც თუნდაც მე, ან თუნდაც ამ განცხადების ავტორი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი დეფინიცია, გამოთქმა, გამოსვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა".