იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა, რომელსაც ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე კითხავენ.
როგორც მან განმარტა, ახალი კანონით მნიშვნელოვნად გაიზრდება ბიუროკრატია და ეროვნულ ბანკს 10 მილიონი ლარით გაეზრდება ხარჯები.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ახალი კანონი ასევე არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა თვეების განმავლობაში ვერ დასრულდა.
"ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ბიუროკრატია და 10 მილიონით გაეზრდება ხარჯი ეროვნულ ბანკს", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვა ეროვნული ბანკის საქმეზე დღეს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" 39 დეპუტატის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, დააკამყოფილა მათი მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე.
პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
მოსარჩელეები ასევე, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, პარლამენტის მიერ კანონში განხორციელებულ კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს. მოსარჩელეები ამბობენ, რომ ცვლილება პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას კონსტიტუცია აუცილებლობად მიიჩნევს.
პარლამენტის 39 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 22 სექტემბერს შეიტანა.