სამეწარმეო რეესტრში "მაესტროს" დირექტორის ცვლილება დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, დირექტორი კვლავ არის ბაია გადაბაძე, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს "მაესტროს" პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, თუკი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდება ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება დირექტორად.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ გია გაჩეჩილაძის პარტნიორთა საბჭოდან გარიცხვის შესახებ მომზადდება სასამართლოში საჩივარი. კერძოდ, ადვოკატმა განმარტა, რომ მაკა ასათიანისა და მამუკა ღლონტის ინტერესების დამცველებმა დღევანდელ პარტნიორთა კრებაზე გია გაჩეჩილაძე პარტნიორთა სიიდან გარიცხულად გამოაცხადეს.
"ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გია გაჩეჩილაძე პარტნიორთა კრებიდან გარიცხულია. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რათა დაადასტუროს ამ გადაწყვეტილების საფუძვლიანობა. მეორე მხარე ჩვენს გადაწყვეტილებას არ აღიარებს, თუმცა ჩვენ გვქონდა უფლება გია გაჩეჩილაძის გარეშე გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.
მაკა ასათიანის ადვოკატი პაატა კიკვიძე კი თავის მხრივ აცხადებს, რომ გაასაჩივრებს პარტნიორთა კრების დღევანდელ ოქმს.
"პარტნიორთა კრება დღეს პროცედურული დარღვევებით ჩატარდა. დღევანდელ კრებაზე არ დასაბუთებულა ბაია გადაბაძის დირექტორობიდან გათავისუფლების საფუძველი და ის, თუ რატომ მოხდა ამ საკითხის დაყენება. განაცხადეს, რომ არ არიან ვალდებულები ეს დაასაბუთონ", - განაცხადა პაატა კიკვიძემ, რომლის თქმითაც, მამუკა ღლონტი სავარაუდოდ მიიღებს გადაწყვეტილებას დღევანდელი პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრების შესახებ.