საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე მუსლიმ მრევლთან დაპირისპირებას უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბეგლარ ქამაშიძემ განუცხადა, ის 18-კაციანმა რელიგიის საბჭომ აირჩია და მუსლიმ თემს არ აქვს იმის საშუალება, რომ თითოეულ მორწმუნეს ჰკითხოს მუფთის კანდიდატურის შესახებ.
"როგორც პარლამენტის ან პრეზიდენტის არჩევნებია ისე არ ირჩევენ საქართველოს მუფთს. ჩვენ გვყავს 18-კაციანი რელიგიის საბჭო და მათ ამირჩიეს მუფთად. მრევლის ყველა წევრთან ვერავინ მივა და ვერ ჰკითხავს ვინ ავირჩიოთ მუფთად. ამ დონეზე განვითარებული არ ვართ ჯერ და არც არჩევნების ჩატარების საშუალება გვაქვს", - აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.
მისივე განმარტებით, ის ვალდებულია მთავრობის წევრებს გააცნოს მუსლიმი თემის მოთხოვნები, მათ შორის მეჩეთის მშენებლობის შესახებ.
"მეჩეთის წინააღმდეგი სასულიერო პირი არ იქნება. ყველა მორწმუნეს, ქრისტიანს ეკლესია უნდა, ებრაელს - სინაგოგა, მუსლიმანს - მეჩეთი, რომ მრევლს ხელი შეუწყოს რიტუალის თავიუსფლად შესრულებაში. მეც, როგორც მუფთი, ვალდებული ვარ სახელმწიფოს ვთხოვო, დაველაპარაკო, ისე როგორც სჭირდება მრევლს და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, დააფიქსირებს თუ არა ხელმოწერას საქართველოს მუფთი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პეტიციაზე.
12 ათასი ხელმოწერით მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ. მუსლიმები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები ბრიფინგზე დააფიქსირეს. მრევლს ასევე, პრეტენზიები აქვს საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის მიმართ. მუსლიმები ამბობენ, რომ მათ მუფთის არჩევაში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონდათ და მუფთის გადაწყვეტილება მეჩეთის ნაცვლად რეზიდენციის შეძენის შესახებ მათთვის მიუღებელია.