"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გაფიცვას იწყებს, - ამის შესახებ "მაესტროს" პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.
გადაბაძის თქმით, პარტნიორეთა კრებაზე განიხილეს მისი საკითხი, სადაც 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თანამდებობიდან გადააყენა.
"გაკოტრების საქმის წარმოება ჩათვალეს ჩემს არასწორ ნაბიჯად და ასევე ლოგოს გადაცემა. გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა შემომთავაზეს დავრჩენილიყავი ტელევიზიაში და მემუშავა. მე მაინტერესებდა მათი კონკრეტული შეთავაზება, რის შემდეგაც მათ მთხოვეს, რომ ავსულიყავი ჩემს კაბინეტში სასაუბროდ. ვისაუბრეთ კაბინეტში. მათ ვერ დამარწმუნეს, რომ ფულის წარმომავლობა არის ქველმოქმედება, რომ ეს არის კეთილი მიზნებისთვის. მე მჯერა, რომ მათ უნდათ კარგი ტელევიზიის გაკეთება და აქვთ კარგი იდეები. გამორიცხულია, არ ვეთანხმები იმას, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს აქვს სურვილი დაეხმაროს "მაესტროს" და მიმაჩნია, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული", - განაცხადა ბაია გადაბაძემ და აღნიშნა, რომ დღეიდან იწყებს გაფიცვას.
"მე ამ წუთიდან ვიწყებ გაფიცვას, მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავარეგისტრირო ჩემი პროტესტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დანიშვნის საკითხზე არ დაარეგისტრიროს, რადგან ეს იქნება არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. მე ვბრუნდები პარტნიორთა კრებაზე, რათა მათ შევატყობინო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე გადავდივარ ასეთ რეჟიმში, რადგნა სხვა გზა არ დამრჩენია", - განაცხადა გადაბაძემ.