პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მის წევრებს თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან დაიცავს. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
"ბევრი პრობლემა გვქონდა საჯარო რეესტრში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდებოდა დაპირისპირება შეიკრიბება ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს პარტიული გადაწყვეტილებების მიღებას; შეიცვლება ხოლმე ხელმძღვანელი პირი ისე, რომ თავად ხელმძღვანელმა არ იცის ამის შესახებ. ამგვარი დავები დღესაც მიმდინარეობს სასამართლოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს სტაბილურობა, დაცულობა სჭირდება; ამიტომაც ერთხმად დავამტკიცეთ კანონში ცვლილება, რომელიც სავალდებულოს გახდის შემდეგ წესს: თუკი, როდესაც ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, დღესაც სავალდებულოა, რომ იქ იყოს ნოტარიუსი, რომელიც კანონთან შესაბამისობაზე მოაწერს ხელს რომ პროცესები კანონის დაცვით წარიმართა და ვერავინ შეძლებს, ამ პარტიის დამფუძნებელი დოკუმენტაცია შემდგომში სადავო გახდეს, სწორედ შემდეგაც, თუკი ამ მონაცემებში შევა ცვლილება ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებების მომენტშიც იყოს ნოტარიუსის ყოფნა სავალდებულო, რაც პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს დაიცავს ნებისმიერი უთანხმოებისგან და საბოლოოდ დაიცავს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და, მით უმეტეს, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის თავად პოლიტიკური პარტიების ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი იმ პროცედურული ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების პარტიების წესდებაში ან/და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანას არეგულირებს. მათივე თქმით, პარტიის წესდებასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა მონაცემში ცვლილების შესატანად პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაა საჭირო. ყრილობის ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, რომელიც პარტიის ყრილობას დაესწრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ ოქმის დამოწმება აუცილებელია მხოლოდ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობის საკითხი "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" უწყებათაშორისი კომისიის 2015 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" წარმომადგენელმა დააყენა. "კანონმდებლობაში დღეს არსებული რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანება და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, მისი ფაქტობრივი ფუნქციონირების საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. გარდა ამისა, მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლევა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თვითნებურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, პარტიიდან ცალკეული წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით, როგორც ეს უახლოეს წარსულში რამდენიმე პარტიის შემთხვევაში მოხდა", - განაცხადეს სამინისტროში.
მათივე თქმით, პოლიტიკური პარტიის წევრების თვითნებობისაგან დასაცავად და პარტიის შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები სავალდებულოს ხდის ნოტარიუსის დასწრებას არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობაზე, არამედ მის ნებისმიერ ყრილობაზე, რათა ეჭვი იმასთან დაკავშირებით ყრილობა ნამდვილად შედგა თუ არა, გამოირიცხოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ნოტარიუსის დასწრება გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შესაძლებლობას, მათ შორის, პარტიიდან მათი წევრების გარიცხვის შესახებ, რაც პოლიტიკური გაერთიანების უფლებებს უფრო დაცულს ხდის.
სამინისტროს ინფორმაციით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია პოლიტიკურ გაერთიანებებს ავალდებულებს, საჯარო რეესტრს წარუდგინონ მხოლოდ პარტიის წესდებაში შემავალი ცვლილებები. ახალი რეგულაციით, ასეთი ვალდებულება იარსებებს პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაშიც. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებული იქნება, 10 დღის ვადაში წარუდგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი დოკუმენტაცია. პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ამოქმედდება. ასეთი რეგულირება ხელს შეუწყობს რეესტრის მონაცემთა სრულყოფას და ცვლილებების შემთხვევაში მათ მუდმივ განახლებას, პოლიტიკურ გაერთიანებებს კი დაიცავს საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ ან არასწორი ინფორმაციის არსებობისაგან.
"კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა პარტიის სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ერთ პროცედურად გაერთიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებას გაათავისუფლებს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების აუცილებლობისაგან", - აცხადებენ სამინისტროში.