თეა წულუკიანი:   მიწის რეგისტრაცია უნდა გახდეს უფრო ადვილი და სანდო

თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაცია უნდა გახდეს უფრო ადვილი და სანდო

ერთი ჩვენი მოქალაქე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რას ემსახურება "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელიც პარლამენტში არის შეტანილი.

წულუკიანის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი მიწის მარეგისტრირებელი პროცედურების და ნორმების გამარტივებას და წამახალისებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე შეხვედრა დეპუტატებთან 8 თებერვალს გაიმართება.

"არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი. ჩვენ ის მთავრობა ვართ, რომელმაც კერძო მესაკუთრის და მისი უფლებების დაცულობა მოიტანა ამ ქვეყანაში. ორშაბათს გვექნება სამუშაო შეხვედრა დეპუტატებთან სწორედ მიწის რეგისტრაციების თემაზე. იუსტიციის სამინისტროში შევიმუშავეთ ხედვა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც მაგალითად არ აქვს საბუთი, მაგრამ ფაქტობრივად მიწა არის მათი მრავალი თაობის მანძილზე; როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ ეს საბუთები მოიძიოს; როგორ უნდა მუშაობდეს თითოეული მიწის ამზომველი, რადგან ამზომველების პრობლემაც გვაქვს დღეს ქვეყანაში - არიან კარგი ამზომველები და არიან ამზომველები, რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმეს და შემდეგ მოქალაქეს სასამართლოში უხდება სიარული; როგორ უნდა მოიხსნას ის დიდი ფინანსური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ზოგიერთს, დაირეგისტრიროს საკუთრება. წამახალისებელი ნორმების შესახებ კონცეფცია მოვამზადეთ, რომელსაც დეპუტატებს გავაცნობთ", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახული ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ საქართველოში მიწის ბაზარი უნდა განვითარდეს და ამ განვითარებაში საჯარო რეესტრმა თავისი როლი უნდა შეასრულოს.

"მიწის რეგისტრაცია უნდა გახდეს უფრო ადვილი და უფრო სანდო. მთლიანობაში სხვადასხვა კანონპროექტები არის ამ ერთი დიდი პროცესის ნაწილი - კერძო მესაკუთრის დაცვა და მიწის მარეგისტრირებელი პროცედურების და ნორმების გამარტივება და წამახალისებელი ღონსიძიებები", - აღნიშნა წულუკიანმა.

"საჯარო რეესტრში შესახებ" კანონში ინიცირებულია ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთები, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება.