თეა წულუკიანი:  მინდა ვისურვო, რომ

თეა წულუკიანი: მინდა ვისურვო, რომ "მაესტრო" დარჩეს ჩვენთან

მინდა ვისურვო, რომ "მაესტრო" დარჩეს ჩვენთან, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ წილების გადანაწილებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

"რაც შეეხება "მაესტროს" და ნებისმიერ სხვა ტელეკომპანიას - მთავრობის და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო, ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან, ხოლო შიდა პროცედურული თუ სხვა არსებითი საკითხები სხვადასხვა პარტნიორებმა და მეწილეებმა კანონით დადგენილი წესით, ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ. მე მინდა ვისურვო ის, რაც "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ვისურვე, "მაესტრო" დარჩეს ჩვენთან, ფუნქციონიორებდეს და საქართველოს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი მედია საშუალება, რომელიც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას მიაწვდის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი, აღნიშნული საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.

"მაესტროსთან" დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი საქმე, არც მთავრობის საქმეა. კერძო ტელეკომპანიაა თავისი ისტორიით. ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების კეთება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.