საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ხელისუფლების მხრიდან სამუშაო ფორმატის შექმნის თაობაზე პასუხს ელოდებიან.
როგორც ინტერპატიული ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, ინტერპარტიულმა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა ის თემები, რაზეც ხელისუფლებასთან შეხვედრის ახალ ფორმატში ექნებათ საუბარი. კაციტაძე ასევე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუ საარჩევნო საკითხებზე მუშაობა საპარლამენტო განხილვამდე დაიწყება.
"10 დღეა დაახლოებით გასული მას შემდეგ რაც ჩვენ შევხდით პრემიერ-მინისტრს და ალბათ, უკვე დროა კოალიციამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბოს ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენ ამ კვირის ბოლოს ველოდებით პასუხს, სამსჯელო საკითხთა ნუსხაში პირველ ადგილზე რჩება საარჩევნო სისტემა, თუმცა ამას გარდა არის საკითხები სარეკლამო დროსთან, დაფინანსებასთან და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. უმჯობესია საპარლამენტო განხილვამდე დაიწყოს ფორმატმა მუშაობა, რათა კონკრეტულ ხედვებზე შევჯერდეთ", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ევროკავშირსა და ევროსაბჭოს მიმართვასაც უგზავნიან, სადაც საუბარია საქართველოში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ არსებულ პრობლემებზე.
"ჩვენ შევიმუშავეთ წერილი და მიმართვას გავუგზავნით ევროკავშირს და ევროსაბჭოს ორგანოებს. ამ მიმართვაში წერია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით რა პრობლემები გვაქვს ხელისუფლებასთან და ვთხოვთ ევროპის კავშირს, რომ შეასრულოს ერთგვარი მედიაციის ფუნქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციასთან საუბარი. ასევე საუბარია, რომ მოწესრიგდეს საარჩევნო გარემო", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.